აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (თსსა) — კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უნივერსიტეტი. მდებარეობს თბილისში, ალ. გრიბოედოვის ქ. N22-ში.
დაფუძნდა | 8 მარტი, 1922 |
---|---|
ტიპი | საჯარო |
რექტორი | გია გუგუშვილი |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
მისამართი | გრიბოედოვის № 22, თბილისი, საქართველო |
სასახლე XIX საუკუნის 1850-იანი წლების ბოლოს აშენდა არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტით. 1869-1886 წლებში ამ სახლში „საარტისტო წრე“ იყო მოთავსებული. სამხატვრო აკადემია დაარსების დღიდან, 1922 წლიდან ამ შენობაში ფუნქციონირებს.შენობა გეგმით ბერძნული დიდი ასო П-ს ფორმისაა. ნაგებობის ხაზგასმულად გრძივი ფასადი ფრონტალურად გასდევს გრიბოედოვის ქუჩას. მხატვრული გადაწყვეტით იგი ეკლექტურია და ეფუძნება კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკოულსტილიზაციას. ინტერიერში მუშარაბებიანი ღიობები, ბუხრების მოყვანილობა, აღმოსავლური მინიატურების გამოყენება კედლის მხატვრობაში და სხვ. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის აზრით, ეს ყველაფერი თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების ხელით უნდა იყოს შესრულებული.
1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი (იგი ამ დროს უკვე ქობულაშვილებს ეკუთვნოდათ) გადაკეთდა არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის პროექტით, რომელმაც შეინარჩუნა ღიობთა ფორმა, ფასადი კი ბაროკო ელემენტებით მორთო (ნაძერწი ნიჟარები, გირლანდები, ნიღბები, ქალის თავის გამოსახულებები, მაღალი „კრონშტეინები“ და სხვ.).
არქიტექტურული მორთულობით ნაგებობა XIX ს-ის თბილისური სასახლეების ტრადიციას მისდევს. სამსართულიანი ფასადი ევროპულია, ინტერიერში კი გვიანირანული დეკორია გამოყენებული (სტუკოს ორნამენტები სარკეებიან ფონზე, სპარსულწარწერიანი მედალიონები, სტალაქტიტური ფრიზები). ეზოსკენ თბილისური, ხის გადახურული შეკიდული აივნებია მიმართული.
XXI საუკუნე
2004 წელს დაარსდა მედია ხელოვნების განყოფილება. 2005 წელს ფოტოგრაფიის ინსტიტუტი. დღესდღეობით სამხატვრო აკადემიაში ხუთი ფაკულტეტია
- 1.სახვითი ხელოვნების,
- 2.არქიტექტურის,
- 3.რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის,
- 4.დიზაინის,
- 5.მედიახელოვნების.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ქართულ ენაზე. აპლიკანტებს, რომელთაც უცხოეთში აქვთ მიღებული ზოგადი სასკოლო განათლება და არასრულყოფილად ფლობენ ქართულ ენას, არ ჩაუბარებიათ ეროვნული გამოცდები, მოეთხოვებათ ტესტის ჩაბარება და გასაუბრება.
სამხატვრო აკადემიაში ფუნქციონირებს: დიდი საგამოფენო დარბაზი'; აკადემიის მუზეუმი (აკადემიის კურსდამთავრებულთა 618 ფერწერული, საკურსო თუ სადიპლომო ნამუშევარი. მათ შორის არის გიგო გაბაშვილის (რვა ნამუშევარი, ელენე ახვლედიანის, ლუდვიგ ლუიჯი ლონგოს, კირილ ზდანევიჩის, თამარ ბალანჩივაძის, მოსე თოიძის, ალექსანდრე ციმაკურიძის, კორნელი სანაძის, რენო თუქრიას, კოკი მახარაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, გოგი თოთიბაძის და სხვათა ნამუშევრები.); გობელენის მუზეუმი შარდენზე; 2010 წლიდან გამოიცემა ჟურნალი „აკადემია“, გააჩნია სტუდენტური თოჯინური თეატრი. 2014 წლიდან წლიდან მაუწყებლობს სამხატვრო აკადემიის რადიო „მელომანი“.